საქართველო შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ღონისძიებაზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია როგორც ქალაქის ბილბორდებზე, ისე უშუალოდ საგამოფენო სივრცეში განხორციელდა.
გაორმაგებული ინტერესი ჩინური ბაზრიდან
„Travel Vibes“-ის დამფუძნებლის, მარიამ როჭიკაშვილის თქმით, გასულ წელთან შედარებით, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. მისი განცხადებით, დღეს უკვე აღარ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად მდებარეობს საქართველო, რადგან ქვეყნის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ის ფაქტი, რომ საქართველო ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა, ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს,“ - აცხადებს როჭიკაშვილი.
ქართული კომპანიების მონაწილეობა
გამოფენაში მონაწილეობა 30-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. დელეგაციის წევრები აქტიურად მუშაობდნენ პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებლებთან. მთავარი მიზანი ქართული ტურისტული პროდუქტების ჩინურ მოთხოვნებთან მაქსიმალურად ადაპტირებაა.
„ჩვენ გავეცანით მათ მოთხოვნებს, რათა ჩვენი სერვისები ჩინურენოვან ტურისტებს სრულად მოვარგოთ. წინ ძალიან წარმატებული წელი გველოდება,“ - აღნიშნავს ტურისტული სექტორის წარმომადგენელი.
მასშტაბები და სტატისტიკა
ITB China წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო. გამოფენაზე 85 ქვეყნის 900-ზე მეტი ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.