გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მან ადგილობრივ ფერმერებთან გამართა შეხვედრა, სადაც აგროსექტორში არსებული გამოწვევები და დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა ფერმერების მხარდაჭერის მოქმედ მექანიზმებზე, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონებში ფერმერებთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. მნიშვნელოვანია, სრულად იყოს აწყობილი წარმოების ჯაჭვი - პირველადი პროდუქციის წარმოებიდან მის გადამუშავებამდე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული მიდგომა ქვეყანას ორმაგ სარგებელს მოუტანს: ერთი მხრივ, შემცირდება დამოკიდებულება იმპორტზე, ხოლო მეორე მხრივ, გაიზრდება კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის მოცულობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის დელეგატი პარლამენტში ზაურ დარგალი, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი.

სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ფერმერებს დეტალურად გააცნეს სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას და აგროეკონომიკის განვითარებას.