გორის სასამართლომ პაპუნა ლოცულაშვილზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო. დაკავებულთა შორის არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი ზაკო წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე და საბა წაველიძე.
აღსანიშნავია, რომ არცერთი ბრალდებული სასამართლო სხდომას არ დასწრებია. პოლიციელებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი უარყოფს.
ინციდენტი 27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები ფიზიკურად 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს. თვითმხილველის, ლაშა აბისონაშვილის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა ლოცულაშვილს მანქანა „მიუშვა“ და ხელი გაუქნია. თავად აბისონაშვილი, რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, ასევე ნაცემი იქნა პოლიციელების მიერ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. უწყების განცხადებით, პოლიციელებმა ლოცულაშვილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მოქალაქე აგრესიული გახდა და სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლოცულაშვილმა პოლიციელს ქვის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. შესაბამისად, ლოცულაშვილის მიმართ გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს.
დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი, აღენიშნება დაჟეჟილობები და ნაღრძობი აქვს ხელი. სახლში ყოფნისას მან გონება ორჯერ დაკარგა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. მათი შეფასებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ ასახავს დანაშაულის სიმძიმეს და საქმე „არასათანადო მოპყრობის“, კერძოდ წამების ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.