გორის პოლიციაში სავარაუდო ძალადობის ფაქტები არ წყდება. უფლებადამცველი მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში საჯაროდ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, 20 წლის ლუკა თოფჩიშვილი, სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის იანვარში სასტიკად სცემეს.
დუმილი ბრალდებების ფონზე
ბარსონიძის თქმით, მან მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმდინარე წლის 10 თებერვალს მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა დღემდე საქმეზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ განხორციელებულა. ადვოკატი კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავე პოლიციელების იდენტიფიცირებასა და მათ კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.
დაუსჯელობის სინდრომია ის, რომ დღეს იგივე დანაშაულს ჰქონდა ადგილი სამართალდამცავების მხრიდან. პროკურატურა შეეშვას უდანაშაულო ადამიანს და რეალური დამნაშავეები ეძებოს, რომელიც სისტემაშივე ჰყავს, - წერს მარიამ ბარსონიძე.
ლუკა თოფჩიშვილის საქმის დეტალები
ლუკა თოფჩიშვილი 3 იანვარს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ დაკავებისას ახალგაზრდამ პოლიციელს სახეში მუშტი დაარტყა. თუმცა, მალევე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანდა, რომ თავად თოფჩიშვილს აღენიშნებოდა სახის არეში მძიმე დაზიანებები.
თავად თოფჩიშვილმა სასამართლო პროცესზე დეტალურად გაიხსენა პოლიციაში მიმდინარე ანგარიშსწორება. მისი თქმით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მრავალწლიანი პატიმრობის მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. საბოლოოდ, სასამართლომ ახალგაზრდა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მას პასპორტი ჩამოართვეს და საცხოვრებელი ადგილის დატოვება აუკრძალეს.
კონტექსტი: გორის პოლიციის ირგვლივ არსებული კითხვები
საზოგადოების ყურადღება გორის პოლიციის მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც 27 მაისს ე.წ. კომბინატის დასახლებაში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების გამო, ამ დროისთვის 6 სამართალდამცავია დაკავებული.
მათ ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარედგინებათ, რაც ძალადობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიება პარალელურად პოლიციელზე ძალადობის მუხლითაც მიმდინარეობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.