კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პარტია დიდი ხანია ჩიხშია და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სახელის ექსპლოატაციით ცდილობს პოლიტიკურ დღის წესრიგში დარჩენას.

გვარამია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რიცხვი „4“ არასდროს ნიშნავდა და არც ახლა ნიშნავს ავტომატურად მიხეილ სააკაშვილს. პოლიტიკოსი მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანს და აცხადებს, რომ მსგავსი აღქმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს, თან ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4-იანს არჩევნებზე“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

გვარამიას შეფასებით, დამარცხებული პარტიისა და მისი დამფინანსებლების მცდელობა, გაამართლონ საკუთარი წარუმატებლობა, უსუსურად გამოიყურება. მისი თქმით, სანამ „ნაცმოძრაობა“ არ გააცნობიერებს, რომ მხოლოდ სააკაშვილის ფაქტორი არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის, შედეგი უცვლელი დარჩება.

„იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი, არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს. მათ ჰგონიათ, რომ მიშას ხარჯზე ყველაფერი მიღწევადია, რაც დიდი ხანია ასე აღარაა“, - განმარტავს პოლიტიკოსი.

გვარამია ოპონენტებს მოუწოდებს, რეალურ პრობლემებზე გაამახვილონ ყურადღება და თავი დაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა მხოლოდ აზიანებს პარტიის შანსებს და იწვევს ისეთ მძიმე შეცდომებს, როგორიც, მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება იყო.