თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა გრძელდება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საქმეზე ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროცესი შემთხვევითი არ არის და ის ევროკავშირისა და აშშ-ის ყურადღების მიპყრობას ემსახურება.
გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პატიმრებს მძევლებად იყენებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებისგან ლეგიტიმაცია მოიპოვოს. მისივე განმარტებით, ხელისუფლება არჩევნების შედეგების მიმართ შიშს განიცდის და ცდილობს, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით შექმნას მართული პოლიტიკური გარემო.
„კიდევ ერთხელ აკეთებს „ქართული ოცნება“ იმას, რაც მისი ავტორიტარული პრაქტიკაა: პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს, აგროვებს და დასავლეთს ევაჭრება. ეს სხდომა არ არის შემთხვევითი, ეს არის მცდელობა, მოიპოვონ ლეგიტიმაცია არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში შეყვანით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აღსანიშნავია, რომ სხდომის თარიღი მოულოდნელად შეიცვალა. თავდაპირველად პროცესი 24 ივნისისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი გაურკვეველი მიზეზებით გადმოიწია.
ბრალდებები და მუხლები
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულთა სიაში არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
- გიორგი ვაშაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ბრალი ედებათ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში (სსკ-ის 318-ე და 319-ე მუხლები). სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- ელენე ხოშტარია: ბრალდებულია საბოტაჟში, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებასა და მტრულ საქმიანობაში დახმარებაში (318-ე, 319-ე და 321-ე პრიმა მუხლები).
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე: ბრალი წარდგენილი აქვთ საბოტაჟის მუხლით (სსკ-ის 318-ე მუხლი).
- მიხეილ სააკაშვილი: ბრალდებულია კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებაში (სსკ-ის 317-ე მუხლი).






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.