„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაჩქარებას ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლო პროცესი, რომელიც თავდაპირველად 25 ივნისს იყო დანიშნული, პროკურატურის მოთხოვნით 11 ივნისს გადმოინიშნა.

გვარამია აღნიშნულ გადაწყვეტილებას „უცაბედს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილება იმ პირობებში ხდება, როდესაც ევროკავშირი ადამიანის უფლებების საკითხს მოლაპარაკებების ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხთან.

„საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა?“, - აცხადებს გვარამია.

მისივე თქმით, საქართველოში სასამართლო პროცესები ხშირად უსასრულოდ იწელება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ამიტომ პროცესის ასეთი დაჩქარება კითხვებს აჩენს ხელისუფლების რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვთ: მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კონკრეტულად გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 319-ე მუხლით აქვთ წარდგენილი. აღნიშნული მუხლები საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.