საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ 2024 წლიდან ქვეყანაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციასა და კრიტიკული ხმების ჩახშობას ემსახურება. ორგანიზაცია ამ პროცესს „პერსონალიზებულ კანონშემოქმედებას“ უწოდებს.

საიას განმარტებით, პერსონალიზებული კანონები ემსახურება მმართველი ელიტის ინტერესებს და გამოიყენება როგორც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ისე ხელისუფლების პოზიციების გასამყარებლად.

კვლევის მიხედვით, 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში პარლამენტმა 304 კანონი დაჩქარებული წესით და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე მიიღო. ეს პროცესი ხშირად მოკლებული იყო სათანადო კრიტიკულ შეფასებასა და დემოკრატიულ დებატებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიღებულმა ცვლილებებმა შეზღუდა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა და საჯარო მოხელეთა უფლებები.

საია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის მაისში მიღებულ „უცხოური აგენტების“ კანონზე, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ისახავდა მიზნად. ასევე კრიტიკულად არის შეფასებული 2025 წელს მიღებული FARA-ს კანონი და ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რამაც სამოქალაქო აქტივიზმის კრიმინალიზაციის საფრთხე შექმნა.

პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები ამკაცრებს სასჯელს საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ შეტანილი ცვლილებები უკვე პირდაპირ კავშირშია განსხვავებული აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან.

არსებული წესებით, აქციის ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნა ევალებათ, რაც პრაქტიკულად ნებართვის სისტემას ჰგავს. სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს შეკრების დრო, ადგილი და მარშრუტი, რაც ქმნის საფრთხეს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება კრიმინალიზებული გახდეს.

გამოხატვის თავისუფლების კუთხით, პრობლემურია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვა, მიუკერძოებლობის ბუნდოვანი სტანდარტების დაწესება და სასამართლო სხდომებზე ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა. ასევე, კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის აკრძალვის შესახებ, რაც კრიტიკული აზრის გამოხატვის შეკავებას უწყობს ხელს.

კვლევის თანახმად, 2026 წლის მარტში მიღებულმა დამატებითმა ცვლილებებმა კიდევ უფრო დაამძიმა რეგულაციები, რაც მოიცავს პოლიტიკურ პარტიებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობის შეზღუდვასა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების შემოღებას.