ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტმა მკაცრი შეფასება გამოაქვეყნა საქართველოს მიმართ. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს პირობები „ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების“ ჩასატარებლად. დოკუმენტი, რომელიც ივნისის სესიაზე უნდა გავიდეს, საუბრობს ქვეყანაში არსებულ ღრმა პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე.
რეზოლუციის პროექტის ავტორები პორტუგალიელი ედიტე ეშტრელა და ბოსნია-ჰერცეგოვინელი საბინა ჩუდიჩი არიან. მათი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეუქცევად ხასიათს ატარებს. დოკუმენტი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე მიმდინარე მუდმივ ზეწოლას.
რატომ არის PACE უკმაყოფილო?
ავტორების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ასამბლეის მიერ წარდგენილი არცერთი „გადაუდებელი რეკომენდაცია“. რეზოლუციის პროექტში პირდაპირ წერია, რომ დემოკრატიის დემონტაჟი და საერთაშორისო მოთხოვნების იგნორირება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის მზაობას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებები.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს გარკვეული ვალდებულებები და სტანდარტები, რომელთა გადალაპარაკება ან უგულებელყოფა დაუშვებელია.
ოპოზიციის დევნა და „ერთპარტიული დიქტატურა“
ასამბლეა მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკურ ოპონენტთა დევნას „საფუძველგარეშე“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ ბრალდებებით. რეზოლუციის პროექტში კონკრეტულად არის ნახსენები ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საქმეები, რომლებსაც დოკუმენტი „აშკარად შეთითხნილს“ უწოდებს.
PACE აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ფაქტობრივად ნიშნავს „ერთპარტიული დიქტატურის“ დამყარებას, რაც შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. ასამბლეა მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოდან შესაბამისი სარჩელის გატანას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.
მოთხოვნები და რეკომენდაციები
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს „ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი“. გარდა ამისა, მოთხოვნილია ბოლო წლებში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონისა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების სრული გაუქმება.
ასამბლეა ასევე კრიტიკულად უყურებს 2024 წლის ბოლოს გამართული აქციების დარბევისას პოლიციური ძალადობის შემთხვევებს. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული აქციებზე აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების ფაქტებზე, რომელთა გამოძიება, ასამბლეის შეფასებით, კვლავ არ მომხდარა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.