UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართული დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯასტინ გეიჯისთან დაპირისპირების დასრულებისთანავე ქართველი მებრძოლი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მარკას“ ჟურნალისტმა, ირატი პრატმა სოციალურ ქსელში ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მისი ცნობით, ვაშინგტონიდან მიღებული ინფორმაცია დამაიმედებელია — თოფურიას თვალბუდის მოტეხილობა არ აღენიშნება და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება.

თავად ილია თოფურიამ მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან ჯასტინ გეიჯის გამარჯვება მიულოცა და აღიარა, რომ მეტოქემ დასახული მიზანი შეასრულა.

„ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ეს შეძელი. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დავკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენაშიც“, — წერს თოფურია.

მებრძოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამარცხებას გამართლებას არ უძებნის. მისი თქმით, მოსამზადებელი პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ოქტაგონზე სრულ მზადყოფნაში გავიდა.

„დიდება და ტკივილი ხშირად გვერდიგვერდ დადიან. ახლა გამოჯანმრთელება და დასვენება მჭირდება. დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით სახიფათო“, — აცხადებს ილია თოფურია.

მებრძოლმა გულშემატკივრებს რევანშის იმედიც მისცა. მისი თქმით, დაპირისპირება ჯასტინ გეიჯისთან ჯერ არ დასრულებულა და მომავალში გულშემატკივრები რევანშს იხილავენ.