მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის სასტარტო მატჩი მაიამიში გაიმართა, სადაც ურუგვაისა და საუდის არაბეთის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრა ორი განსხვავებული ტაიმით და ტაქტიკური ბრძოლით დაამახსოვრდა გულშემატკივარს.

პირველი ნახევარი სრულად გეორგიოს დონისის გუნდის კარნახით წარიმართა. საუდის არაბეთის ნაკრებმა სწორი ტაქტიკური მონახაზი აირჩია და კონტრშეტევებზე აქცენტით მეტოქე არაერთხელ დააფიქრა. მათი ძალისხმევა 41-ე წუთზე დაფასდა, როდესაც ალ ამრიმ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ მარსელო ბიელსამ გუნდის სათამაშო სტილი რადიკალურად შეცვალა. „ლა სელესტემ“ მაღალი პრესინგი და ინტენსიური შეტევები დაიწყო, რამაც საუდის არაბეთის დაცვა სერიოზული წნეხის ქვეშ მოაქცია.

ურუგვაელთა უპირატესობა სტატისტიკაშიც აისახა: მეორე ტაიმში მათ მეტოქის კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 8 დარტყმა ჩარჩოში იყო. თუმცა, საუდის არაბეთის მეკარე ალ ოვაისი საიმედოდ გამოიყურებოდა და მხოლოდ ერთხელ დანებდა — მე-80 წუთზე მაქსიმილიანო არაუხომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მატჩის დასკვნით ნაწილში ურუგვაი გამარჯვების გოლს აქტიურად ეძებდა, თუმცა საუდელებმა დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეინარჩუნეს. შედეგად, მატჩი ფრედ დასრულდა და ორივე გუნდმა თითო ქულა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ H ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა პარალელურ შეხვედრაშიც, სადაც ესპანეთის ნაკრებმა კაბო ვერდესთან ვერაფერი გააწყო და მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ამრიგად, ჯგუფის ოთხივე მონაწილეს ამ მომენტისთვის თითო ქულა აქვს.

მომდევნო ტურში საინტერესო დაპირისპირებები გველოდება: ესპანეთი საუდის არაბეთს შეხვდება, ხოლო ურუგვაი კაბო ვერდესთან ეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას.