საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენლებთან ბოლოდროინდელ შეხვედრებს ეხმიანება. მისი განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადატვირთოს და თანამშრომლობა „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს.
„ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას, კირცხალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. მისი თქმით, ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
შეხვედრები თბილისში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, აშშ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს როგორც სამთავრობო, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. კირცხალიას შეფასებით, აღნიშნული დიალოგი პოზიტიურ გარემოში წარიმართა.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ის მზაობა, რაც აქამდეც გვქონდა - ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა. ამისთვის ჩვენ ყველანაირად მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯებს ჩვენი ისტორიული პარტნიორებიც სათანადოდ დაინახავენ,“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პრინციპები და რეგიონული კონტექსტი
კირცხალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში იყო სანდო პარტნიორი არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც.
„ჩვენ რეგიონში ყოველთვის ვიყავით დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი. მზად ვართ ახლაც ვიყოთ, თუმცა, რეგიონში არსებული ქარცეცხლის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკა ემყარება მშვიდობასა და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას,“ - განაცხადა მან.
დეპუტატის თქმით, საქართველოს საგარეო კურსი არ გულისხმობს გარედან ნაკარნახევ მითითებებს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის სუვერენულ ინტერესებსა და არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.