საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაურს ბიშკეკში დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დახვდება.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს. დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის დასკვნით ნაწილში გათვალისწინებულია დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ყირგიზეთში მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრა. მთავრობის შემადგენლობაში არიან:
- ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ეს ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, რაც რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვან ნაბიჯად ფასდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.