ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. თეირანის მტკიცებით, ეს ნაბიჯი ამერიკული მხარის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხო ქმედებაა.
დაძაბულობა განსაკუთრებით მაღალია ჰორმუზის სრუტის მიმართულებით. ირანულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოთხ ტანკერს, რომლებიც, მათი თქმით, ნებართვის გარეშე ცდილობდნენ სრუტის გადაკვეთას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ბაჰრეინში ჩართული საჰაერო განგაშის შესახებ, სადაც მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული ოთხი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. ამის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის სანაპირო რადიოლოკაციურ ობიექტებზე მიიტანა იერიში. რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, პენტაგონის ინფორმაციით, ექვსი მათგანის განეიტრალება მოხერხდა, ხოლო მეშვიდემ მიზანს ვერ მიაღწია.
მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე, მხარეები არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დიპლომატიური ძალისხმევა მიზნად ისახავს დროებითი შეთანხმების მიღწევას, რომელიც სამთვიანი ომის შეჩერებას ითვალისწინებს. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, როგორც მოსალოდნელია, მოგვიანებით, შემდგომი მოლაპარაკებების საგანი გახდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.