აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. მხარეებმა მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისს, შვეიცარიაში მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, სახელმწიფო მედიასთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ შეთანხმების მთავარი პირობა სამხედრო მოქმედებების სრული და მუდმივი შეწყვეტაა.
„ომისა და სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებელი და მუდმივი დასრულება სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დღეს საღამოს ამოქმედდება“, – აცხადებს ღარიბაბადი.
შეთანხმების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება ეკონომიკურ და საზღვაო მიმართულებებსაც. კერძოდ, ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა უახლოეს პერიოდში გაუქმდება.
მხარეები ამ შეთანხმებას რეგიონული დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავენ. შვეიცარიაში დაგეგმილი ხელმოწერის ცერემონია იქნება საბოლოო წერტილი იმ ინტენსიური დიპლომატიური პროცესისა, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები მემორანდუმის სხვა პუნქტების შესახებ ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ფასდება, როგორც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილების წინაპირობა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.