„ტვ პირველის“ ეთერში გასულმა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები დაკავებულს განყოფილებაში, კიდევ ერთხელ გაამძაფრა დისკუსია სამართალდამცავ უწყებებში არსებულ ძალადობრივ პრაქტიკაზე. ვიდეო მასალა, რომელიც ჟურნალისტ ნოდარ მელაძის საგამოძიებო პროგრამაში გავიდა, სოციალურ ჯგუფებში ვრცელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გავრცელებული კადრები 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში მომხდარ ფაქტს ასახავს. უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამი პოლიციელი, რომლებიც იმერეთის რეგიონიდან იყვნენ, პროკურატურამ მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, აღნიშნული კადრები პოლიციური ძალადობის სისტემური ხასიათის კიდევ ერთი დასტურია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეოების გადაღება და მათი შემდგომი გავრცელება ხშირად მსხვერპლის დაშინებისა და შანტაჟის იარაღად გამოიყენება.
საია-ს განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა 2024–2025 წლების მშვიდობიანი აქციების დროსაც მასშტაბური და სისტემური ხასიათის იყო.
საია-ს პოზიციას იზიარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ (TI). ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებია, სამოქალაქო სექტორი საუბრობს პოლიციაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე. TI-ის შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამ ეს გამოწვევები ვერ გადაჭრა.
TI-ის განცხადებით, ქვეყანაში დამკვიდრდა პოლიციური ძალადობის იგნორირების პოლიტიკა და მსხვერპლთა მიმართ „ნულოვანი ემპათია“. ორგანიზაცია პასუხისმგებლობას მმართველ პარტიასა და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
მათივე თქმით, პოლიციური ძალადობა საქართველოში აღარ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასობით საქმეზე დღემდე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.