შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტი დასრულებულია. მისი თქმით, მხარეებმა მიაღწიეს ფუნდამენტურ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის პერსპექტივას გამორიცხავს.

„ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა, რასაც წარმატებით მივაღწიეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების 95 პროცენტი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში იგეგმება, შესაძლოა, ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში.

თუმცა, ვაშინგტონის ოპტიმისტურ განცხადებებს თეირანიდან განსხვავებული პასუხი მოჰყვა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღეიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეთანხმების შესახებ „სპეკულაციურს“ უწოდა.

ბაღეის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი საბოლოო დოკუმენტი არ არსებობს და არც ერთი პუნქტი არ არის შეთანხმებული. ეს აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ახლოსაა რეალურად მხარეები დიპლომატიურ გარღვევასთან.

ვითარება კვლავ რჩება ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ირანის ბირთვული პროგრამა წლებია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.