თბილისმა 21-ე საუკუნის მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი, Kanye West, იგივე YE მიიღო. დინამო არენაზე გამართულმა კონცერტმა, რომელიც Starring Georgia 2026-ის ფარგლებში შედგა, 70 ათასამდე მაყურებელი შეკრიბა.
თითქმის ორსაათიანი შოუს განმავლობაში, არტისტმა საკუთარი კარიერის გამორჩეული ჰიტები და ახალი ნამუშევრები წარადგინა. ღონისძიების მთავარი ვიზუალური აქცენტი დედამიწის ფორმის სფერული სცენა იყო, რომელიც, მენეჯმენტის განცხადებით, თბილისის შოუს განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტებს სძენდა.
მსოფლიო ტურნეს ნაწილი თბილისში
YE-ს თბილისური პერფორმანსი მისი მიმდინარე მუსიკალური ტურის ნაწილია. არტისტმა მიმდინარე წლის მარტში ახალი ალბომი Bully გამოუშვა, რასაც ლოს-ანჯელესში გამართული ექსკლუზიური შოუები მოჰყვა. სწორედ ლოს-ანჯელესური პერფორმანსი გახდა მუსიკალური სამყაროს მთავარი განხილვის საგანი, რაც თბილისის კონცერტის მიმართ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
სასცენო დიზაინი, რომელიც აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას უწყობს ხელს, YE-ს მიმდინარე პერფორმანსების სავიზიტო ბარათად იქცა. თბილისმა, როგორც მუსიკალური ორბიტის ერთ-ერთმა წერტილმა, ამ მასშტაბის შოუს წარმატებით უმასპინძლა.
Starring Georgia-ს მასშტაბები
პროექტი Starring Georgia საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოს მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე მყარად დამკვიდრებაა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2026 წელი ქართული კულტურული ცხოვრებისთვის განსაკუთრებულია, სადაც საქართველო მუსიკალური ორბიტის ცენტრში ექცევა. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ქვეყნის იმიჯის გაძლიერებასა და საერთაშორისო კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას ემსახურება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.