აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე დაგეგმილი მასშტაბური ენერგოკაბელი, Great Sea Interconnector (GSI), სერიოზულ გეოპოლიტიკურ და ფინანსურ დაბრკოლებებს აწყდება. 1,9 მილიარდ ევროდ შეფასებული პროექტი, რომელიც ისრაელს, კვიპროსსა და საბერძნეთს უნდა აკავშირებდეს, რეგიონული დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა.

გეოპოლიტიკური წნეხი და თურქეთის პოზიცია

ანკარა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას საკუთარი ეროვნული ინტერესების ზონად მიიჩნევს. თურქეთი აქტიურად უპირისპირდება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მის თანხმობას არ საჭიროებს. 2024 წლის ზაფხულში თურქულმა სამხედრო ხომალდებმა კასოს კუნძულთან გეოფიზიკური სამუშაოები ფაქტობრივად შეაჩერეს.

ვითარებას ამწვავებს თურქეთში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები. „ცისფერი სამშობლოს“ დოქტრინის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც ოსმალური იმპერიის დროინდელ საზღვრებს ეფუძნება, ანკარას პრეტენზიებს სამართლებრივ საფუძველს უქმნის. შედეგად, კაბელის მარშრუტი იქცევა ტერიტორიული დავის სიმბოლურ ველად.

ფინანსური და სამართლებრივი კრიზისი

პროექტის დასრულების ვადები უკვე დიდი ხანია დარღვეულია. თავდაპირველი გათვლებით, ის 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები მომდევნო ათწლეულამდე გადაიწია. კვიპროსის ენერგეტიკის მინისტრმა მიხაელ დამიანოსმა უკვე დაუშვა დამატებითი დაფინანსების აუცილებლობა, თუკი ხარჯების ზრდა დადასტურდება.

სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა ევროპული პროკურატურის დაწყებულმა გამოძიებამ. საქმე ეხება კორუფციულ რისკებს და იმ გარემოებას, თუ როგორ მიიღო კვიპროსულმა კომპანია EuroAsia-მ ევროკავშირის მრავალმილიონიანი გრანტი და რატომ გაიყიდა მისი წილი 48 მილიონ ევროდ. გამოძიება მაღალი რანგის ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს მოიცავს.

შიდა წინააღმდეგობა კვიპროსში

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი, კვიპროსი, თავად გახდა სკეპტიკური. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მაკის კერავნოსმა საჯაროდ განაცხადა, რომ კვლევების მიხედვით, პროექტი ამჟამინდელი პირობებით არავითარ ეკონომიკურ სარგებელს არ მოიტანს. ეს განცხადება დაპირისპირების მიზეზი გახდა ათენსა და ნიქოზიას შორის, სადაც საბერძნეთის ხელისუფლება პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ევროკომისია, დენ იორგენსენის პირით, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას 658 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფისთვის. თუმცა, სანამ სამართლებრივი, ფინანსური და უსაფრთხოების რისკები არ აღმოიფხვრება, GSI რჩება „ქაღალდზე არსებულ“ პროექტად.