საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში ევროკავშირის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, არსებული მიდგომები და ღირებულებები, რომლებიც ევროპულ სივრცეში ფიქსირდება, მიუღებელია.
„ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის პოზიცია ღირებულებებზე
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო ესწრაფვის იმ ევროკავშირს, რომელიც თავდაპირველ, ფუნდამენტურ ღირებულებებს უბრუნდება. კობახიძის თქმით, მას არ შეუძლია მიიღოს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მითითებები, როდესაც თავად ევროპაში, მისი შეფასებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით პრობლემებია.
„ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის“, - აღნიშნა პრემიერმა.
ისტორიული კონტექსტი და ევროპული ბიუროკრატია
კობახიძემ ისტორიულ ექსკურსზე საუბრისას აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპული ღირებულებები, რომლებსაც დღეს ევროპელი ჩინოვნიკები იცავენ, სულაც არ არის ისეთი ძველი, როგორც ხშირად წარმოაჩენენ. მისი თქმით, ევროპა 1940-იან წლებამდე ომების, ინკვიზიციისა და სისასტიკის სივრცე იყო.
„მინდა შევახსენო ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება. ეს ღირებულებები 1949 წლიდან დამკვიდრდა, მანამდე კი ევროპა სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობდა“, - დასძინა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა არა იმ პირობებით, რომლებიც ამჟამად მმართველ გუნდს მიუღებლად მიაჩნია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.