საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციის საქმიანობა მკაცრად შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის ისტორია და ბიოგრაფია „ღალატის ქრონიკაა“, რის გამოც მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ.
კობახიძის განცხადებით, 2004 წლიდან დღემდე ოპოზიცია მუდმივად ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს. პრემიერმა გასული ოთხი წლის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ხელისუფლების შეცვლის ხუთი მცდელობა დაფიქსირდა, საიდანაც ოთხი ძალადობრივი ხასიათის იყო.
„ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით. ამ პროცესებში ჩართული იყო როგორც პოლიტიკური პარტიების სპექტრი, ისე გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ოპოზიციის პოზიციას 2022 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიციონერები იმ პერიოდში სახელმწიფოს პირდაპირ ემტერებოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოებრივი პოზიცია დაეკავებინათ.
„მათ ჰყავთ ერთადერთი პატრონი — გარე ძალები, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ. ჩვენ გვახსოვს ზეწოლა, რომელსაც როგორც დახურულ კარს მიღმა, ისე საჯაროდ ვიღებდით. ეს მოთხოვნები პირდაპირ უკავშირდებოდა ომში ჩართვას, მოხალისეების გაგზავნასა და სანქციების დაწესებას“, — აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის ქმედებები სრულ თანხვედრაში იყო იმ მოთხოვნებთან, რასაც გარე ძალები აყენებდნენ. სწორედ ამ კოორდინაციასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს მიაწერს პრემიერი საზოგადოებრივი ნდობის დაბალ მაჩვენებელს.
„საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. მათ არ აქვთ ნდობა, რაც არჩევნებშიც გამოიხატება და ქუჩის პროცესებშიც. ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში“, — დაასკვნა მთავრობის მეთაურმა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.