საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. აქტივობების ფარგლებში, ქვეყნის ტურისტული მიმართულების შესახებ მასალები ევროპის რეიტინგულ მედიასაშუალებებში ქვეყნდება. მათ შორის, ერთ-ერთია საფრანგეთის გავლენიანი გამოცემა Le Figaro.
გამოცემამ საქართველოს „ემოციების ისტორია“ უწოდა. სტატიაში ქვეყანა დახასიათებულია, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური ადგილი. ფრანგი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ საქართველოს ბუნებრივ მრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებსა და ველნეს ტურიზმის პოტენციალს.
კულტურა, რომელიც მსოფლიოს აოცებს
Le Figaro მკითხველს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას დეტალურად აცნობს. სტატიაში მოხსენიებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის მცხეთა, გელათის მონასტერი და სვანური კოშკები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ენასა და უნიკალურ დამწერლობას.
სტატიის ავტორები მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიასაც ეხმიანებიან. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია ფრანგული გამოცემის მხრიდან განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს. „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ემოციები, როგორც ტურიზმის ნაწილი
გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ სუფრასა და თამადის ინსტიტუტზე. ფრანგი მკითხველი ეცნობა პოლიფონიურ სიმღერას, რომელიც ავტორების აზრით, სტუმრებისთვის დაუვიწყარ ემოციებს ქმნის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი პუბლიკაციები მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე. მიზანი მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა, რაც პირდაპირ აისახება ტურიზმის სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.