კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს შედეგი ადასტურებს, რომ რეგიონში რუსული გავლენა სუსტდება, რაც საქართველოსთვისაც გარდამტეხი მომენტი უნდა გახდეს.
გეგელიას განცხადებით, რუსეთი უკვე დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთსა და სომხეთში. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ იგივე ბედი ელის საქართველოსაც, თუკი ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ რეჟიმს დაუპირისპირდება.
„სომხეთის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეროვნული ინტერესების დაცვა რეალურ შედეგებს იძლევა,“ - აცხადებს გეგელია.
ოპოზიციონერი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ, რომელიც წარსულში რეგიონის პოლიტიკური ცენტრი იყო, დღეს ეს უპირატესობა დაკარგა. მისი შეფასებით, მაშინ როცა სომხეთი მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს იზიდავს და დასავლელი ლიდერების ყურადღების ცენტრშია, თბილისი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.
გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ დაკარგა ადგილი ასოცირებულ ტრიოში და რეგიონულ პოლიტიკაში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ჩამორჩენაზე მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
„სომხებმა აჩვენეს უპირატესობა დემოკრატიის სტანდარტებით. ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხი დაირაზმოს და შეუერთდეს იმ დემოკრატიულ ტალღას, რომელიც მთელ რეგიონში ვრცელდება“, - დასძინა გრიგოლ გეგელიამ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.