ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციური ალიანსების დაშლის მორიგი ტალღა დაიწყო. „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ოპოზიციური გაერთიანების დაშლის შესახებ დაწერა. მან მწვავე კრიტიკა არ დაიშურა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკასთან დაკავშირებული საკითხები დღის წესრიგიდან მალე მოიხსნება. მისივე თქმით, ამჟამად პოლიტიკურ ძალებს დამატებითი ხარჯების გაწევა არ სურთ.
მმართველ გუნდში პროცესს „ლოგიკურს“ უწოდებენ
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსების დაშლა მოულოდნელი არ არის, რადგან მათ საერთო ღირებულებები არ აერთიანებთ.
მახაშვილის განმარტებით, ოპოზიცია საზოგადოებას ხშირად სთავაზობს ახალ-ახალ ლოგოებს, სახელებსა და გეგმებს, თუმცა საბოლოო სცენარი ყოველთვის იდენტურია — პროექტის ჩავარდნა და დაშლა.
„დასაწყისი არის განსხვავებული, დასასრული, როგორც წესი, არის ერთნაირი. ერთი და იგივე სცენარია, ოღონდ შეიძლება სახელები და ლოგოები შეიცვალოს, მაგრამ ამ ფილმის დასასრული საზოგადოებისთვის ნათელია“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„პოლიტიკური ეგო და ძალაუფლების წყურვილი“
მახაშვილის შეფასებით, ოპოზიციური გაერთიანებების უკან არა საზოგადოებრივი ინტერესები, არამედ ვიწროპარტიული მიზნები დგას. მისი თქმით, გაერთიანებების მთავარი მამოძრავებელი ძალა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილია.
„არც ერთ ამ გაერთიანებას არ აერთიანებს საზოგადოების ინტერესები. მათ აერთიანებს საკუთარი პოლიტიკური ეგო და ეგოისტური ინტერესები. სწორედ ამის გარშემო მიდის მუდმივი ბრძოლები“, — აღნიშნა დეპუტატმა.
პოლიტიკური დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთიანობის ნაკლებობას. საზოგადოება კი კვლავ რჩება იმ სცენარის მოწმე, სადაც პარტიული ამბიციები საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს აფერხებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.