საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე აცხადებს, რომ სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის აღდგენისთვის მზად არის. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, სოფო ხორგუანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

თოთლაძის თქმით, უწყების პოზიცია უცვლელია და მზად არიან, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ადამიანის უფლებების მიმართულებით დიალოგი ნებისმიერ დროს განაახლონ. მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ამ დიალოგისთვის აქამდეც მზად იყო, თუმცა ევროკავშირმა, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა იმ არგუმენტების მოსმენისგან, რაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში არსებობს.

„ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული ეს კანონი ემსახურება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პარალელურად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მან კოლეგებს ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება სთხოვა.

სამხარაძის თქმით, ლუქსემბურგის პარლამენტარები დაინტერესდნენ საქართველოს წინაშე არსებული რუსული ოკუპაციის გამოწვევებითა და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით. მმართველი გუნდის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველო მზადაა განიხილოს კრიტიკული საკითხები, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების ფორმალურ მიზეზად დასახელდა.

საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაძაბვა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია. ევროკომისიის ბოლო ანგარიშების თანახმად, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეფერხებამ შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გამოიწვიოს.

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 2027 წლის იანვარში, დეკემბრის წლიური ანგარიშის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს კენჭს უყრიან.