2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის „20 ივნისის საქმეზე“ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დაიბარეს. გომურის თქმით, მას პროცესში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ უარის შემთხვევაში მას პოლიციის ძალით მიიყვანდნენ.

გომური აღნიშნავს, რომ მისთვის მორალურად მძიმეა ამ პროცესში მონაწილეობა. ის ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობა ყველა დამნაშავეს უნდა დაეკისროს და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს. დაზარალებული თვლის, რომ ამ ჩვენებით შესაძლოა ხელისუფლებას „ხელებიდან ჭუჭყის ჩამობანაში“ დაეხმაროს, რაც მისთვის მიუღებელია.

„ზუსტად ვიცი, რომ სულ შემაწუხებს ამას თუ გავაკეთებ, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით, რომ „ქოცების“ სასამართლო არალეგიტიმურია, მაშინ ყველანაირად არალეგიტიმური უნდა იყოს. არავის ეგონოს, რომ გახარიას ვიცავ, ჩემზე მეტად არავის უნდა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი, მაგრამ ყველა დამნაშავემ და არა მხოლოდ ერთმა“, - წერს მაკო გომური.

მისივე თქმით, ოჯახის წევრების სიმშვიდის გამო იძულებულია, დაკითხვაზე გამოცხადდეს, რათა დამატებითი სადარდებელი არ შეუქმნას მათ. გომური აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს ამ პროცესში მონაწილეობის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნიდან „ბოროტება“ მალე წავა.

დაზარალებულმა საზოგადოებას იუმორით სთხოვა, რომ თუ დაკითხვაზე წასვლისას რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, ამის გამო საპროტესტო აქციები არ გამართონ.