„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელია — კანონი არ გაუქმდება და მასზე უკან დახევა არ იქნება. ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, კანონის მიღების პერიოდში ხელისუფლებას მძაფრი კრიტიკის გადატანა მოუწია. მისი შეფასებით, მაშინ ამ ნაბიჯის გამო ქვეყანას აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ, თუმცა დღეს ვითარება იცვლება.

„საქართველოს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო აშავებდნენ და აშანტაჟებდნენ, თურმე ახლა ეს კანონი ყველასთვის აუცილებელი ყოფილა. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ავუხსნათ კანონის მიღების საჭიროება და მოტივები“, — აღნიშნა დეპუტატმა.

ზარქუას განცხადებით, კანონმა და „ფარამ“ შექმნეს მექანიზმები, რომლითაც ქვეყანაში „უსამშობლოების“ დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. მისივე თქმით, მსგავსი რეგულაციების საჭიროებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც აღიარებენ.

„ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც კი იღებს გადაწყვეტილებას გამჭვირვალობის კანონის მიღების შესახებ. ეს კანონი ქვეყანას სჭირდება, ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. უკან დახევა რა შუაშია? ჩვენ ამ კანონს არ გავიწვევთ“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ხელისუფლების წარმომადგენელი დასძენს, რომ ნებისმიერი საპირისპირო არგუმენტის არსებობის შემთხვევაში, მმართველი გუნდი მზადაა საჯარო დისკუსიისთვის და არგუმენტირებული მსჯელობისთვის.