ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის სუვერენიტეტსა და მიმდინარე პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დამოუკიდებლობა არის ის მთავარი მონაპოვარი, რისთვისაც თავგანწირვა ღირს.
მდინარაძის თქმით, სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. „დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა“, – აღნიშნა მან.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ეროვნული იდენტობა, ღირსება და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობაა. მან ისაუბრა ეკონომიკურ წინსვლაზეც და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მშპ-ს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.
„არავინ გიშუქებს დღეს იმას, რაც არ არის ისეთი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ დაგაზიანოს. 5 წელიწადში მშპ 10 000-ზე მეტია, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ 4 000 იყო. ასევე, გადამხდელები 13 მლრდ-ს რომ იღებდნენ 5 წლის წინ, 33-ს იღებენ დღეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საუბრისას მამუკა მდინარაძემ გაიხსენა 9 აპრილის პერიოდი და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის იდეა თაობების ცნობიერებაშია გამჯდარი. მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ინტერესები თანხვედრაშია.
„დიდი უმეცრება და გულუბრყვილობაა, რომ ჩვენი მეგობარია და ფულს გვაძლევდა. ფულს გაძლევენ იმაში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, ეს უნდა დავიმახსოვროთ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ქვეყნის იმიჯს აზიანებს და პოლარიზაციას აღრმავებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.