საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად „ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულ“ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, ივანიშვილის მიმართ არსებობს ფიზიკური ლიკვიდაციისა და სხვა სახის განადგურების მცდელობები.
მდინარაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას ყურადღება გაამახვილა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ პირზე. მისი მტკიცებით, ამ ფიგურანტს კავშირი აქვს როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ისე უკრაინასთან და „4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობასთან“.
„წინა წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეშიც იყო ჩართული. მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალი ვერ წარუდგინეს, თუმცა ის საქმის კურსში მაინც იყო,“ – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ 2 მილიარდი უკვე გაჩერებულია, რაც მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ნაწილია. მდინარაძის აზრით, მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს.
„ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარულად ერთი აგურის დამდები, საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი. ვიღაცამ შეიძლება გააგოროს კიდეც,“ – დასძინა მან.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.