2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ყატარისთვის ისტორიული გამოდგა. ხულენ ლოპეტეგის შეგირდებმა B ჯგუფის პირველ ტურში შვეიცარიის ნაკრებთან ქულის მოპოვება შეძლეს. შეხვედრა, რომელიც სანტა-კლარას „ლივაის სთედიუმზე“ გაიმართა, ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად ბოლო წამებზე გადაწყდა. ბუალემ ხუხიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე თავით გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა. ეს მომენტი ყატარისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა ჩაიწერა აქტივში.
შვეიცარიელებმა მატჩი უფრო აქტიურად დაიწყეს. შეხვედრის მე-13 წუთზე ყატარის მეკარე მაჰმუდ აბუნადამ ბრელ ემბოლოს წინააღმდეგ წესები დაარღვია, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ეპიზოდი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: მეკარე მოედანზე უგონოდ დაეცა, თუმცა რამდენიმე წუთში გონს მოსვლა და თამაშის გაგრძელება მოახერხა.
17-ე წუთზე ბრელ ემბოლომ პენალტი ზუსტად შეასრულა და შვეიცარია დააწინაურა. შეგახსენებთ, რომ ემბოლოს აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით სავიზო პრობლემები ჰქონდა, რაც 2018 წლის სასამართლო საქმეს უკავშირდებოდა, თუმცა საბოლოოდ მას თამაშის უფლება მიეცა.
შვეიცარიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას. მიუხედავად ამისა, მურატ იაკინის გუნდმა არაერთი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. შვეიცარიელთა მეკარემ გრეგორ კობელმა მეორე წუთზე ედმილსონ ჟუნიორის საშიში დარტყმა მოიგერია, ხოლო 90-ე წუთზე აჰმედ ალაელდინის მცდელობა აღკვეთა.
შვეიცარია, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურობით გამოირჩევა, ტურნირზე დიდი ამბიციებით ჩავიდა. გუნდს 2002 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, თუმცა მეოთხედფინალზე შორს წასვლა ვერცერთხელ მოახერხა. გასულ ჩემპიონატზე პორტუგალიასთან განცდილი 1:6 მარცხის შემდეგ, გუნდი რეაბილიტაციას ცდილობს.
ყატარისთვის ეს შედეგი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა. 2022 წლის მუნდიალზე მასპინძელმა ქვეყანამ ჯგუფში ყველა მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. ამჯერად, ლოპეტეგის ხელმძღვანელობით, გუნდმა კვალიფიკაცია პლეი-ოფის გავლით მოიპოვა და სადებიუტო ქულაც გაიფორმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.