ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა „მთავრობის მეთაურის“ პოსტზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ძამბოლატ ტადტაევის გადადგომის შემდეგ გახდა საჭირო.
კამბოლოვმა ე.წ. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, მთავრობის საქმიანობის ცენტრში „ადამიანი უნდა იყოს“. მან რეგიონში არსებული დემოგრაფიული კრიზისი მთავარ გამოწვევად დაასახელა და აღნიშნა, რომ ბოლო 30 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
„მთავარი შეკითხვა, რასაც პასუხი უნდა გავცეთ, არის ის, თუ რა შესაძლებლობებს ვუქმნით ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს“, — განაცხადა კამბოლოვმა. მან პრიორიტეტულ მიმართულებებად განათლება, ჯანდაცვა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის აგრარული და ციფრული მიმართულებები, დაასახელა.
ახალმა „პრემიერმა“ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებზე. მან მადლობა გადაუხადა კრემლს „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ უზრუნველყოფისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილეთა როლს.
ვინ არის მარატ კამბოლოვი?
61 წლის მარატ კამბოლოვი რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სამსახურის ვეტერანია. იგი გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, თუმცა მისი კარიერა თითქმის სრულად რუსეთის სახელმწიფო უწყებებს უკავშირდება. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში, ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტიც ეკავა.
2021 წლიდან კამბოლოვი რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მას მინიჭებული აქვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი — პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი.
ექსპერტების შეფასებით, კამბოლოვის დანიშვნა კრემლის წინასწარი გათვლაა. არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოსკოვი ცდილობს რეგიონში ადმინისტრაციული მართვის ახალი, უფრო ეფექტური მოდელი დანერგოს, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.