სტაშეცის ინსტიტუტის ფონდის გამგეობის წევრმა, მარცინ როსოლოვსკიმ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ კრიტიკული ანალიზი გამოაქვეყნა. მისი თქმით, „პრორუსული საქართველოს“ მითი არასწორია და თბილისის დღევანდელი კურსი არა ღალატი, არამედ გადარჩენის ელემენტარული ინსტინქტია.

როსოლოვსკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია. ქართული საზოგადოება დღემდე მტკივნეულად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს, რუსულ ტანკებსა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლის დაკარგვას.

„საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელია“, — წერს როსოლოვსკი. ექსპერტი სვამს რიტორიკულ კითხვას: „თუ უკრაინას შეუძლია გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთოს, საქართველო რატომ ვერ შეძლებს იგივეს?“

ორმაგი სტანდარტები ევროპაში

ავტორის აზრით, თბილისის „მრავალვექტორული“ პოლიტიკა ხშირად აღიზიანებს დასავლეთს, თუმცა მისი ავტომატურად „რუსულ აგენტებად“ მონათვლა მიუღებელია. როსოლოვსკი აღნიშნავს, რომ ვარშავიდან, ბერლინიდან ან ბრიუსელიდან რადიკალური ნაბიჯებისკენ მოწოდება მარტივია, თუმცა პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა კავკასიურ ქვეყანას მოჰყვეს, გაცილებით რთულია.

როსოლოვსკიმ ყურადღება გადაიტანა დასავლეთ ევროპაზე, კერძოდ კი გერმანიაზე. მისი თქმით, სანქციების მიუხედავად, გერმანული ბიზნესის სეგმენტები აქტიურად ეძებენ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის გზებს.

„თუ პრორუსულ დამოკიდებულებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ბერლინს უნდა შევხედოთ. სწორედ გერმანულმა ელიტებმა ააშენეს „ჩრდილოეთის ნაკადი“ და გახადეს ევროპა დამოკიდებული რუსულ გაზზე“, — აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით, პოლონეთმა საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტუიციას უნდა დაუჯეროს და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ბერლინის სენსიტიურობა საკუთარ კომპასად არ უნდა აქციოს.