საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციამ საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ყაველაშვილის თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლებამ წარმატებით აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების ხუთი მცდელობა, რომლებიც გარედან იყო ორგანიზებული. მისივე განცხადებით, საზოგადოებამ შეძლო მსოფლიო მოვლენების კრიტიკული გააზრება და ეროვნული ინტერესების დაცვა.

„უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და უზრუნველვყავით მდგრადი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი რეგიონი არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონად, არამედ უნდა ჩამოყალიბდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ცივილიზაციათა დიალოგის სივრცედ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის მოსაზრებით, სწრაფად ცვალებად სამყაროში გადარჩენის მთავარი გზა მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკასა და მშვიდობის დაცვაზე გადის. ეს პრინციპები, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის მომავალი სტაბილურობის ფუნდამენტი უნდა გახდეს.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ეკონომიკური წინსვლა არ არის საკმარისი და ქვეყნის გაძლიერება ძირძველი კულტურის ღრმა გააზრების გარეშე შეუძლებელია.

„ჩვენი წარსული არის მყარი საძირკველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ თანამედროვე და სუვერენული სახელმწიფო. მჯერა, რომ ეს ფორუმი გახდება პლატფორმა ახალი იდეების გაზიარებისთვის, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას არსებულ გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემაში“, - შეაჯამა მიხეილ ყაველაშვილმა.