ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას მრევლს მიმართა და ხაზი გაუსვა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას. მისი თქმით, ეკლესიის მართვის პროცესი მკაფიოდ გაწერილია და საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ამ იერარქიას.

„უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა. ჩვენ ეკლესიის მართვა ვიცით და რაც გვეხება, მხოლოდ ის მოგვთხოვეთ. ხშირად ისეთ რამეებს ითხოვთ, რაც თქვენი საქმე არ არის. ნუ გვაფანტვინებთ ძალებს, რადგან ურთულესი პერიოდია და ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთავარეპისკოპოსმა მკაცრად გააფრთხილა ისინი, ვინც ეკლესიაში ერთობის დარღვევას ცდილობს. მისი თქმით, სანამ ეკლესიაში ღმერთთან ერთობაა, მანამდე ყველაფერი წესრიგშია, ხოლო ამ ერთობის ხელყოფა მძიმე შედეგებს გამოიღებს.

პატრიარქის არჩევნები და სულიწმიდის ნება

მეუფე იაკობმა ვრცლად ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების პროცესზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული აზრებისა და დებატებისა, სინოდმა საბოლოოდ ღვთის ნება აღიარა.

„რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია განსხვავებული აზრები იყო. თუმცა, ყველამ ვაღიარეთ ღვთის ნებად ის, რაც უმრავლესობამ მიიღო. ჩვენი უწმინდესიც სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული“, – აღნიშნა მან.

მან ასევე უპასუხა კრიტიკას დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანდიდატების ასაკობრივ ზღვარსა და განათლების ცენზზე. მეუფის თქმით, ეს შეზღუდვები თავდაპირველად „ჩამკეტად“ აღიქმებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, სინოდის წევრებმა ღვთაებრივი სიბრძნით იმოქმედეს და არა პირადი სიმპათიებით.

„ვერავინ იტყოდა, მე ვიცი ღვთის ნებაო. ჩვენ უნდა გამოგვერჩია, ვინ უნდოდა ღმერთს. საბოლოოდ, აქ დამარცხებული არავინ არის, ეკლესიამ გაიმარჯვა“, – დასძინა მან.

მეუფე იაკობის განცხადებით, კანდიდატებმა „გამოცდა ჩააბარეს“, რადგან პატრიარქის არჩევისას პირადი ამბიციები გვერდზე გადადეს და ერთიანობა შეინარჩუნეს. მისი თქმით, ქართული ეკლესია არ მონაწილეობს პოლიტიკურ ბრძოლაში და მიწიერი დიდება მათთვის უმნიშვნელოა.