საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური სამუშაო მისამართი შეიცვალა. უწყება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აშენებულ, ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში განთავსდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამინისტრო ახალ შენობაში უკვე მარტიდან მუშაობს.
მინის გუმბათით ცნობილი ნაგებობა თბილისის ისტორიულ უბნებს გადაჰყურებს და წლების განმავლობაში დედაქალაქის არქიტექტურულ სავიზიტო ბარათად იქცა. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შენობამ თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და წლების განმავლობაში მისი დანიშნულების შესახებ არაერთი ვერსია განიხილებოდა.
სად მუშაობდა უწყება გადასვლამდე
ავლაბრის სასახლეში გადასვლამდე, საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის ცენტრში, ორ სხვადასხვა შენობაში იყო გადანაწილებული. თავდაპირველად უწყება შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა, მოგვიანებით კი გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ გადავიდა. სწორედ ლეონიძის ქუჩაზე, საქართველოს ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში, სამინისტრომ დეპარტამენტების უდიდესი ნაწილი 2023 წელს გადაიტანა.
ავლაბრის რეზიდენციის საერთო ფართობი 22 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო თავად სასახლისა — 1,5 ათას კვადრატულ მეტრს. უწყების ოფიციალური მონაცემებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში 800-ზე მეტი ადამიანი არ მუშაობს. ცნობილია, რომ გადასვლის მიუხედავად, სამინისტროს საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები კვლავ ლეონიძის ქუჩაზე გააგრძელებენ საქმიანობას, ხოლო ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კაბინეტი ავლაბრის სასახლეში განთავსდა.
ისტორიული კონტექსტი და პოლიტიკური დავა
ავლაბრის სასახლე საქართველოს ბოლო ათწლეულის პოლიტიკური ცვლილებების ერთგვარი სიმბოლოა. 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შენობის ირგვლივ არაერთი პოლიტიკური დისკუსია გაიმართა. მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე ატონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ავლაბარში დარჩენა არჩია, რამაც მმართველ გუნდთან ღია კონფლიქტი გამოიწვია.
სიტუაცია 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა, როდესაც მან მუშაობა ატონელის რეზიდენციაში დაიწყო. ამჟამად ატონელის რეზიდენციაში პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ კაველაშვილის ადმინისტრაციაა განთავსებული. 2019 წლიდან ავლაბრის სასახლეს ოფიციალურად „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“ ეწოდა და მას ოფიციალური ღონისძიებებისთვის იყენებდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლის მიზეზებთან დაკავშირებით უწყებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.