თბილისის მერიამ სიონის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვის სრული განახლებაა, რაც ძეგლის ფრესკებისა და კედლების დაზიანების პრევენციას მოემსახურება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით პროცესებს თბილისის განვითარების ფონდი ხელმძღვანელობს. სამუშაოების საერთო ღირებულება მილიონ 220 000 ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი
სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და სულიერი ცენტრია. მისი მდგომარეობის შენარჩუნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება.
დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, პირადად გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას. პროექტი, რომელიც მერის გადაწყვეტილებით ხორციელდება, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტი, რომელიც ხორციელდება უშუალოდ თბილისის მერის გადაწყვეტილებით, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს თბილისის სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარს, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.
სასულიერო პირის თქმით, ტაძრის გადახურვის განახლება ეკლესიისა და საზოგადოებისთვის მისასალმებელი ნაბიჯია. დეკანოზმა პროექტის ავტორებსა და შემსრულებლებს მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის არქიტექტურული იერსახის გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი ფაქტორები, რომლებიც ტაძრის ინტერიერში არსებულ ფრესკებს საფრთხეს უქმნის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.