საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა, რომელთა შორის აქციებზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილიც არიან. ორივე მათგანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი გასული წლის 1 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალად პოლიციელზე თავდასხმა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება ედებოდათ. სასამართლომ ორივე მათგანს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დავით ლომიძემ ადვოკატთან საუბრისას გაიხსენა დაკავების დეტალები. მისი თქმით, მიკროავტობუსში, სადაც ის სხვა დაკავებულებთან ერთად იმყოფებოდა, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შეწყალებულთა შორის არიან სხვა პირებიც, რომლებმაც გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს. მათ შორისაა გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ასევე, საპატიმრო დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში შეწყალების აქტი 232 მოქალაქეს შეეხო.