„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გრძელდება. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, თავად ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა.
ჟორჟოლიანი მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, ბოკუჩავა მასზე უფრო გამოცდილი და ჭკვიანია. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მათ შორის პროფესიული კუთხით იდეალური პარტნიორობა შედგებოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ რეალობა სხვაგვარად განვითარდა.
„თინა ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი. მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია ისეთი რამ, რისი უნარებიც მას შეიძლება არ ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ ეს თანამშრომლობა ასე არ დალაგდა“, - წერს ჟორჟოლიანი.
პოლიტიკოსი საკუთარ თავს პარტიაში „კრიზისმენეჯერად“ განიხილავს. მისი თქმით, პარტიას სჭირდება ძველი ტემპის დაბრუნება და პრიორიტეტების გადახედვა, სადაც მთავარი აქცენტი სახალხოობაზე იქნება გაკეთებული. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკას აღარ სჭირდება „ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა“.
„თუ პარტია კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება. საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია, სადაც კომპეტენცია და ცოდნაა საჭირო. შესაბამისად, ის ადამიანი, ვინც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, იქნება მცოდნე და დამოუკიდებელი. ის ქვეყნის გარეთ იმოქმედებს, მე კი ქვეყნის შიგნით“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.
ჟორჟოლიანი ასევე ეხმაურება პარტიის შიგნით არსებულ საკადრო საკითხებს. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალგაზრდების ხელში უნდა გადაინაცვლოს, ვეტერანები კი მათ ზურგს გაუმაგრებენ. მანამდე, სააკაშვილის ინიციატივას თინა ბოკუჩავამ „მოულოდნელი და სამწუხარო“ უწოდა, აღნიშნა რა, რომ მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა პარტია დღევანდელ მდგომარეობამდე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.