„ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლოა რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის განახლების მიზნით, გუნდში ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შემოერთება დააანონსა. ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ სააკაშვილისგან საინტერესო წინადადება მიიღო და ამჟამად კონსულტაციების პროცესი მიმდინარეობს.
ჟურნალისტის განცხადებით, გამოწვევა, რომელიც მას შესთავაზეს, მარტივი არ იქნება, თუმცა დიდ შესაძლებლობებს ხედავს. მისი თქმით, პარტიაში რევოლუციური ცვლილებების საჭიროება დგას, სადაც მთავარ ძალად ახალგაზრდები უნდა იქცნენ.
რა გეგმები აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს?
ჟორჟოლიანი აქცენტს აკეთებს პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლაზე. მისი თქმით, პრიორიტეტული მიმართულებები უნდა იყოს რეგიონებში მუშაობა, პროპაგანდასთან დაპირისპირება და ახალი დღის წესრიგის შექმნა.
„კარი უნდა გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებური ხედვებით. საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს. პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა“, - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
მოლაპარაკებების ეტაპი
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამჟამად ფიქრისა და შეხვედრების ეტაპია. იგი აფასებს სააკაშვილის მზაობას ცვლილებებისთვის და აცხადებს, რომ პარტიის ძველ შემადგენლობასაც კარგად ესმის განახლების მნიშვნელობა.
„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორების პარტიის ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლა. როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება, ხომ იცით, დაწერას ვერავინ დამასწრებს, ნუ მიშას გარდა“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.