ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, აჭარაში გაემგზავრა. მისი თქმით, ეს პროცესი რეგიონული ორგანიზაციების ხედვების მოსმენას ემსახურება.
ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აპირებს ყველა რეგიონის წარმომადგენელს შეხვდეს. მიზანი მათი სურვილებისა და ხედვების მიხეილ სააკაშვილამდე მიტანაა. სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება სააკაშვილის კანდიდატი პარტიის ხელმძღვანელ პოზიციაზე.
„როცა გინდა პრიორიტეტი იყოს სოფელი და რეგიონი, რაიონულმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან, ვის ხედავენ თავის ქალად, კაცად, გინდ მენეჯერი ერქვას და გინდ თავმჯდომარე“, - წერს ჟორჟოლიანი.
პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ პარტიის თავმჯდომარის საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, პარტიის შიგნით არსებული განწყობები განსხვავდება იმისგან, რასაც ხშირად სოციალურ ქსელებში „ბაბლის“ სახელით მოიხსენიებენ.
ჟორჟოლიანის განცხადებით, პარტიის შიგნით არსებულ მხარდაჭერას თუ შევხედავთ, ლევან ხაბეიშვილი კვლავ ყველაზე სასურველ კანდიდატად რჩება. მან პოსტში აღნიშნა, რომ მიუხედავად წარსულში არსებული კრიტიკული განწყობებისა, რეალობა პარტიაში განსხვავებულია.
„მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს 'ბაბლი'. განსაკუთრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც 'ხუთიანს' და მიშას უფრო ებრძვიან, ვიდრე 41-ს და ბიძინას“, - დასძინა მან.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი პატიმრობა და ინფორმაციული ვაკუუმი ხშირად აზიანებს პოლიტიკური პროცესების სწორ აღქმას, ამიტომ რეგიონული ორგანიზაციების პოზიცია გადამწყვეტია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.