„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „გაუგონარ სიგიჟეს“ უწოდებს. სასამართლომ მოქალაქე გიორგი გედენიძე 2000 ლარით დააჯარიმა, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გვარამიასთვის მიყენებულ შეურაცხყოფას უკავშირდება.

თავად გვარამია აცხადებს, რომ არც გიორგი გედენიძეს იცნობს და არც მის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ სცოდნია რამე. მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ იღებს სახელმწიფო ვალდებულებას, დაიცვას მისი ღირსება ისე, რომ მას ამის შესახებ არავინ ეკითხება.

„მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო „იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? ასეთი სიგიჟე გაუგონარია“, — წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

გვარამიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფონზე, რომელშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მან ხელისუფლება წარსულში მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებში დაადანაშაულა, მათ შორის, შანტაჟსა და თვალთვალში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 3 ივნისს მოხდა, როდესაც გედენიძემ „იმედის“ ფეისბუქ-პოსტის კომენტარებში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს არც ბრალდებული და არც მისი უფლებადამცველი არ დასწრებიან.

საქმეზე გამოძიება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ აწარმოა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა.