საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ არხი და მმართველი პარტია მის შესახებ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
საუბარია მტკიცებებზე, რომელთა თანახმადაც, ლომჯარია თითქოს ლობირებდა ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
სპეციალურ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს კამპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ მის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამება, არამედ მცდელობა, ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალოს.
„არ არსებობს არც ერთი მოწმე, ფაქტი ან თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ რამე მითქვამს ან გამიფიქრია“, — განაცხადა ლომჯარიამ.
ყოფილი ომბუდსმენის შეფასებით, ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს ევროპული გზიდან გადახვევის მოსალოდნელი შედეგებისთვის. ლომჯარიას თქმით, მმართველ გუნდს აღარ ადარდებს უვიზო რეჟიმის შენარჩუნება და ახლა მხოლოდ იმას ფიქრობენ, ვის დააბრალონ მისი დაკარგვა.
ბრიფინგზე ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას შესახებაც ისაუბრა. ყოფილმა ომბუდსმენმა სოლიდარობა გამოუცხადა ხოშტარიას და მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა.
ლომჯარიას თქმით, ხოშტარიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მან ასევე გააკრიტიკა მედიის ნაწილი და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები „ბინძურ მეთოდებს“ იყენებენ პატიმარი ქალის მიმართ, რომლის ჯანმრთელობაც სერიოზულად არის დაზიანებული.
ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ დისკუსია არა ოპოზიციის მოთხოვნებს, არამედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსა და ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების გაუარესებას უკავშირდება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.