ყოფილი სახალხო დამცველი და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია, ტელეკომპანია „იმედს“ სასამართლოში უჩივის. ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეარხი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ კოორდინირებულ და ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას ახორციელებენ.
ლომჯარიას თქმით, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, მათ შორის არც ფარული ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებდა მის საქმიანობას ქვეყნის ევროპული კურსის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ.
„ბუნებაში არ არსებობს მოწმე, ფაქტი ან ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ყოფილი ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს კამპანია ხელისუფლებას სჭირდება იმ ნიადაგის მოსამზადებლად, რომელიც შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის შედეგად დადგეს. მისი თქმით, მმართველი ძალა უკვე აღარ ზრუნავს ევროპულ პერსპექტივებზე, არამედ ეძებს გზებს, თუ ვის გადააბრალოს მომავალი წარუმატებლობა.
„ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გადააბრალონ მისი დაკარგვა. ეს არის კამპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის გადასარჩენად“, — განაცხადა მან.
აღნიშნულ ბრალდებებსა და სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს ტელეკომპანია „იმედში“ მოკლე კომენტარით გამოეხმაურნენ. ტელეარხის წარმომადგენლებმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, რომ ნინო ლომჯარიას პასუხს ისინი სასამართლოში გასცემენ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.