გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო.

ნინო თანდილაშვილმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას.

„გარემოსდაცვითი საკითხები და ჯანსაღი ეკოსისტემა პირდაპირ კავშირშია მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან. მოხარული ვართ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და მზად ვართ, ერთობლივი პროექტებით კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ბავშვთა უფლებებისა და მათი ჯანსაღი გარემოს დაცვისკენ მიმართული აქტივობები“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის (Children Environmental Health) კონცეფციაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იზაბელა კასტროჯოვანმა დაადასტურა, რომ გარემოსდაცვითი გამოწვევები და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა იმ სფეროებს შორისაა, სადაც UNICEF-ისა და საქართველოს სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და UNICEF-ის ჯანდაცვის ოფიცერი ნინო ძოწენიძე.