დამოუკიდებლობა არ არის არჩევანის საკითხი, ეს არის ფუნდამენტური მოცემულობა, რომლის გარეშეც ქართველი ერის არსებობა შეუძლებელია. ამის შესახებ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.

შოშიაშვილის განცხადებით, ეროვნული სულისკვეთება საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი არ გამქრალა. უფრო მეტიც, იგი თავს იჩენდა იმ ინსტიტუციებში, რომლებიც თავისი არსით რეჟიმის საყრდენს უნდა წარმოადგენდნენ და იდეოლოგიურად დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყვნენ მიმართული.

ინსტიტუციები და ეროვნული იდეალები

ისტორიკოსი ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა განათლების სისტემა იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, თავად გახდა იმ ეროვნული იდეალების ჩამოყალიბების საფუძველი, რომლებიც მოგვიანებით პოლიტიკურ მოძრაობებში გარდაისახა.

„განათლება, წესით, უნდა ყოფილიყო იდეოლოგიური ინსტრუმენტი, მაგრამ სწორედ ამ სისტემამ შექმნა ის ეროვნული იდეალები, რომლებიც მერე პოლიტიკაში გადავიდა“, - აღნიშნა შოშიაშვილმა.

კრიტიკული არჩევანი

საუბრისას ნუკრი შოშიაშვილმა მილიციის მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულად მათ დამოუკიდებლობის მომხრეების წინააღმდეგ უნდა ემოქმედათ, კრიტიკულ მომენტში მათ სხვა პოზიცია დაიკავეს.

„ჩნდება მოცემულობა, როცა შენი პირადი ხედვა და დამოკიდებულება გვერდზე გადადის და საერთო ნება შემოდის შენში. ეს საერთო ნება არის ჩვენთვის დამოუკიდებლობის იდეა,“ - აცხადებს ისტორიკოსი.

მისი თქმით, ეს პროცესი ადასტურებს, რომ დამოუკიდებლობის იდეა ერისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და არა დროებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება.