საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაზე გარედან მუდმივი ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, მიზანი ხელისუფლების შეცვლა და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნებაა.

პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო 14 წელია, გარე ძალები ცდილობენ, ხელისუფლებაში „მარიონეტები“ მოიყვანონ. ამ კონტექსტში მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მაგალითი გაიხსენა.

ევროინტეგრაცია და სუვერენიტეტი

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხზეც ისაუბრა. მან გააკრიტიკა ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის გზის გავლას ურჩევენ.

„უკრაინას ეუბნებიან, რომ ევროკავშირისთვის ტერიტორიების დათმობაა საჭირო. მოლდოვის შემთხვევაში კი საუბარია სახელმწიფოს გაუქმებასა და სხვა ქვეყნის რეგიონად ქცევაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სწორედ ასეთი „არასახელოვანი“ წევრობისკენ უბიძგებენ, რაც სუვერენიტეტზე უარის თქმას და ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას გულისხმობს. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობისთვის საუკუნეების განმავლობაში იბრძოლა.

დამხობის მცდელობის შედეგები

პაპუაშვილმა კატეგორიული პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების დამხობის მცდელობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვინც მსგავს ნაბიჯებს დგამს, თავად ხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ვინც დააპირა დამხობა, ვხედავთ, რომ თავად დაემხნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნებისმიერი ასეთი მცდელობის ერთადერთი პერსპექტივაა ის, რომ ყველა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლებს, პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ არის მიმართული.