საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფების მიერ მანდატების დატოვება არა შიდაპოლიტიკური დღის წესრიგით, არამედ აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მითითებებით იყო ნაკარნახევი.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია დღეს იმ შედეგებს იმკის, რაც საკუთარი ამომრჩევლის იგნორირებას და გარე ძალების ნების უპირობო შესრულებას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისა და ინსტიტუციური ბოიკოტის მიმართ მკაფიოა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები. დღეს ისინი იმკიან იმას, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ცალკე ყურადღება გაამახვილა „ლელოს“ პოლიტიკურ ცვლილებებზე. პაპუაშვილის თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციების გამო, ოპოზიციური პარტიები საკუთარ ტაქტიკას ცვლიან, რაც, მისივე შეფასებით, პოლიტიკური სირცხვილია.

პაპუაშვილმა ასევე გაიხსენა 2024 წლის მოვლენები და აღნიშნა, რომ ოპოზიციის რადიკალიზაციამ და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებმა მათი ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესები გაკვეთილი იქნება როგორც პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რათა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი გარე მითითებებით არ ყალიბდებოდეს.