საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის მოქმედ წესს ცვლის. რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
მოქმედი რეგულაციით, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, მეურვეობის კანდიდატებს საკონკურსო კომისია არჩევს, სადაც წარმოდგენილები არიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო სუბიექტები. პაპუაშვილის თქმით, არსებული მოდელი „შინაარსობრივად აბსურდულია“ და პარლამენტის სუვერენიტეტს ზღუდავს.
რა იცვლება პროცედურაში?
ცვლილებების თანახმად, თუ სამეურვეო საბჭოში ვაკანსია გაჩნდება, შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი (უმრავლესობა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი ან აჭარის უმაღლესი საბჭო) კანდიდატს პირდაპირ შეარჩევს. მათ აღარ მოუწევთ კანდიდატების შერჩევა სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სუბიექტს სრული თავისუფლება ექნება, როგორ შეარჩევს კანდიდატს — ჩაატარებს თუ არა კონკურსს, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება. თუმცა, საბოლოო ჯამში, პარლამენტს ის მხოლოდ ერთ კანდიდატურას წარუდგენს.
„ეს პროცედურა დავაახლოოთ საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან, საპარლამენტო სუვერენიტეტთან. პარლამენტმა საკუთარი პროცედურები გარე ჩარევების გარეშე უნდა მართოს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორ გაგრძელდება პროცესი?
წარდგენილი კანდიდატურის განხილვას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი უზრუნველყოფს. შეფასების შემდეგ საკითხი კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გავა. პაპუაშვილის თქმით, ეს მოდელი უფრო გამჭვირვალე და რეალისტურია, რადგან პასუხისმგებლობა პირდაპირ იმ სუბიექტზე იქნება, რომელსაც კვოტა ეკუთვნის.
პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს. დოკუმენტის მიღება მიმდინარე სასესიო კვირაშია დაგეგმილი.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.