სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში განსაკუთრებული სტუმრები მიიღო.

ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები დილიდან შეიკრიბნენ. პატრიარქმა მძიმე დიაგნოზის მქონე მოზარდები დალოცა და აზიარა.

მადლიერების მარში

საკათედრო ტაძარში გამართული ღონისძიების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, დაგეგმილია აქცია. საღამოს 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე დიუშენის სამადლობელი მარში დაიწყება.

ორგანიზატორების განცხადებით, მარშის მიზანი იმ ადამიანებისა და უწყებების მადლიერების გამოხატვაა, რომლებიც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროცესში არიან ჩართულნი.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს და განსაკუთრებულ ზრუნვასა და მედიკამენტურ მხარდაჭერას საჭიროებს.

მსგავსი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, იმ ოჯახების მხარდაჭერასაც ისახავს მიზნად, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ამ რთულ დიაგნოზს.