ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ დიუშენით დაავადებული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემას იწყებს. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დახმარებას ყველა ის პაციენტი მიიღებს, ვინც ამ დიაგნოზით ცხოვრობს.
დახმარების ოდენობა პაციენტის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრა:
- მართვით სუნთქვაზე მყოფი ან მძიმე თანმხლები გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტები მიიღებენ 10 000 ლარს.
- ეტლით მოსარგებლე პაციენტები მიიღებენ 5 000 ლარს.
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე სხვა მოქალაქეებისთვის დახმარება 3 000 ლარს შეადგენს.
ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად მოქალაქეებმა ორგანიზაციას უნდა წარუდგინონ გენეტიკური კვლევის პასუხი, ფორმა 100, დაბადების მოწმობა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფინანსური დახმარების გარდა, ორგანიზაცია მიმდინარე თვეში იწყებს დამხმარე საშუალებების შეძენას. მათ შორის იქნება ადაპტირებული ეტლები, სპეციალური საწოლები, სასუნთქი აპარატები და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარი.
„ყველა პაციენტს შეუძლია მოგვმართოს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას. განიხილება დიუშენის ცენტრის შექმნის შესაძლებლობაც, რომელიც პაციენტებისა და ოჯახების მხარდაჭერის, სარეაბილიტაციო და საკონსულტაციო სივრცე იქნება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, 7 ივნისს, კვირას, სამების საკათედრო ტაძარში პაციენტთა ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. საღამოს 18:00 საათზე კი დაგეგმილია დიუშენის მარში, რომელიც მადლობისა და ერთიანობის ნიშნად გაიმართება.
პარალელურად, მიღწეულია შეთანხმება მედიკამენტების შესყიდვაზეც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებთან ერთად შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებების საფუძველზე გადაწყვეტს მედიკამენტების შეძენის საკითხს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.